პროგრამის სახელწოდება:
პოზიტიური ფსიქოლოგია – ემპირიული კვლევები
პროგრამის ავტორები:
მარწყვიშვილი ხათუნა, ასოცირებული პროფესორი
მესტვირიშვილი მაია, ასოცირებული პროფესორი
ხეჩუაშვილი ლილი, ასოცირებული პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ფსიქოლოგიის დოქტორი
სწავლების ენა:
ქართული
პოზიტიური ფსიქოლოგია, რომელსაც 1999 წელს ჩაეყარა საფუძველი, მთლიანად ცვლის პიროვნების, მისი ფუნქციონირებისა და კონსულტირება/თერაპიის ხედვის პერსპექტივას. ეს დარგი პათოლოგიაზე აქცენტის ნაცვლად, ყურადღებას ცენტრში პიროვნულ ზრდას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ეფექტურ ფუნქციონირებას ამახვილებს. პოზიტიური ფსიქოლოგიის ფარგლებში წარმოებული ემპირიული კვლევები მიმართულია ყველა იმ პიროვნული, სოციალური, კულტურული და ა. შ. ფაქტორების გამოვლენასა და კვლევაზე, რომელიც ამა თუ იმ გზით ზემოქმედებს ინდივიდის ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობის სუბიექტურ განცდაზე.
წარმოდგენილი პროგრამის საჭიროება ორი ფაქტორით არის განპირობებული: არსებული ფსიქოლოგიური სადოქტორო პროგრამების მცირე რაოდენობა და ამ პროგრამებში თანამედროვე მიმართულების, კერძოდ, პოზიტიური ფსიქოლოგიის პარადიგმის არარსებობა.
პროგრამა განკუთვნილია ფსიქოლოგიის მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე ნებისმიერი პირისთვის.
პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
- ფსიქოლოგიის მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დადასტურება გამოცდით ან შესაბამისი სერტიფიკატით;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)ის თანხმობა;
- გასაუბრება სპეციალობაში, რომელიც მოიცავს ორ კომპონენტს: კვლევით პროექტსა (60 ქულა) და ინტერვიუს (40 ქულა).
(ა) გასაუბრებისთვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს კვლევითი პროექტის მონახაზი, რომელიც შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- საკვლევი თემის აქტუალობა, კვლევის სიახლე და პრობლემის ფორმულირება;
- კვლევის მიზნები და ამოცანები;
- კვლევის მეთოდოლოგია;
- სამეცნიერო ღირებულება.
თითოეული კომპონენტი შეფასდება 15 ქულით.
(ბ) ინტერვიუ აპლიკანტთან (40 ქულა), რომლითაც შეფასდება:
- აპლიკანტის მოტივაცია;
- დარგის შესაბამისი ცოდნის დემონსტირება.
- თითოეული კომპონენტი შეფასდება 20 ქულით.
კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს შემდეგი დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციები:
ა) ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის კურსდამთავრებულმა იცის:
- პიროვნების თანამედროვე კვლევების როგორც ემოციური, ისე კოგნიტური პერსპექტივა პოზიტიურ ფსიქოლოგიაში;
- რატომ და როგორ აქცენტირდება პიროვნებისა და ინდივიდუალური განსხვავებების პოზიტიური მხარეები და თვისებები ყოველდღიურ, კვლევით თუ კლინიკურ გარემოში;
- იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ინდივიდის კეთილდღეობისა და კარგად ყოფნის განცდის ფორმირებას;
- სხვადასხვა მოსაზრება, თეორიული მოდელი და უახლესი ემპირიული კვლევები სუბიექტური კარგად ყოფნის განცდის, ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების, ემოციური ინტელექტის, ფსიქოლოგიური მედეგობის და ხასიათის სიმტკიცის, პოზიტიური ურთიერთობებისა და საზრისის ძიების შესახებ;
- პოზიტიური ფსიქოლოგიის პარადიგმებისა და მოდელების ადგილი და როლი კონსულტირების პრაქტიკასა და კვლევაში;
- პათოლოგიიდან ინდივიდის პოზიტიურ ფუნქციონირებისკენ თერაპიული მოდელების გადანაცვლების არგუმენტაცია და საფუძველი; პოზიტიური ფსიქოლოგიის კონტექსტში დაავადებაზე დაფუძნებული იდეოლოგიისა და DSM-ის დეკონსტრუირების შესახებ;
- უახლესი მიდგომები კონსულტირებისადმი, რომლებიც, უპირატესად, ადამიანის ძლიერი მხარეებისა და გარემოში არსებული რესურსების გათვალისწინებით აფართოვებს პრაქტიკოსის თვალსაწიერს;
- ის საკითხები, რომლებსაც ინტენსიურად იკვლევენ და რომლებზეც მუშაობენ მკვლევარი-პრაქტიკოსები პოზიტიურ ფსიქოლოგიური პარადიგმის გამოყენებით, როგორიცაა პოსტტრავმული ზრდა, ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდა, იდენტობის რეკონსტრუირება, გენერაციულობა, ორაზროვანი დანაკარგისა და სხვა ტრავმული გამოცდილებების რეკონსტრუირება და საზრისის ძიება.
ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
პროგრამის კურდამთავრებულს შეუძლია:
- პოზიტიური ფსიქოლოგიის სფეროში ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა;
- კვლევისთვის თანამედროვე მაღალი რანგის სტატისტიკური მეთოდების გამოყენება, მათ შორის: მრავლობითი და ლოგარითმული რეგრესიული ანალიზი, მულტივარიაციული და კოვარიაციული ანალიზი, ახსნითი და კონფირმატორული ფაქტორული ანალიზი, სტრუტურული განტოლების მოდელირება (SEM).
- ნარატივის ანალიზის ისეთი ტექნიკების გამოყენება, როგორიცაა თემატური, სტრუქტურული და ინტერაქციული ანალიზი; ასევე, კოდირების სახელმძღვანელოს დამოუკიდებლად შექმნა და ადმინისტრირება;
- პოზიტიური ფსიქოლოგიის სფეროში ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდების და მიდგომების შემუშავება, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;
- საერთაშორისო რეფერირებადი პუბლიკაცების მოთხოვნების შესაბამისად, ქართულ და ინგლისურენოვანი პუბლიკაციების მომზადება APA-ის ყველა სტანდარტის დაცვით;
- პოზიტიური ფსიქოლოგიის თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრირების უნარი; მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- პოზიტიური ფსიქოლოგიის სფეროში არსებული პრობლემების შესატყვისი მეთოდოლოგიური მიდგომის და შესაბამისი კვლევის/შეფასების წარმოების უნარი; აგრეთვე, ინოვაციური კვლევის მეთოდებისა და ახლებური ანალიტიკური მიდგომების შემუშავების უნარი;
- ფუნდამენტური და/ან გამოყენებითი კვლევის დამოუკიდებლად წარმოება და მიღებული ახალი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.
გ) დასკვნის უნარი
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
- კვლევის შედეგების საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება;
- ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება;
- კვლევისა და/ან სწავლა-სწავლების პროცესში წამოჭრილი პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
- ახალი ჰიპოთეზების შემუშავება არსებული და/ან ახალი ხედვების, მიდგომების და ემპირიული მონაცემების გადამუშავებისა და გაანალიზების საფუძველზე;
- ფუნდამენტური და ემპირიული კვლევის პროცესში ჰიპოთეზების შემოწმება სანდო და ვალიდური მეთოდებისა და მეცნიერულად გამართული არგუმენტების გამოყენებით;
- პოზიტიური ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე დარგების სხვადასხვა ასპექტის შესახებ კომპლექსური და წინააღმდეგობრივი მონაცემებისა და მიდგომების გაანალიზება, ინტერპრეტირება და სათანადო დასკვნების გამოტანა გადაჭარბებული გენერალიზაციის გარეშე;
- რთული სამეცნიერო პრობლემების ახლებური გააზრება და მოგვარება;
- პრობლემის კვლევისა და განხილვის შედაგად მიღებული შედეგების ახლებურად გააზრება, რითაც წვლილი შეაქვს პოზიტიური ფსიქოლოგიის განვითარებაში.
დ) კომუნიკაციის უნარი:
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
- ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირის დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა;
- მშობლიურ და ინგლისურ ენაზე ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირის დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა, უცხოელ კოლეგებთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა;
- სამეცნიერო მოხსენებებისა და პრეზენტაციების მომზადება, როგორც სპეციალისტებისთვის ისევე ფართო აუდიტორიისათვის;
- დისკუსიის წარმართვა;
ე) სწავლის უნარი
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
- სწავლის საჭიროებების განსაზღვრა და სწავლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება;
- პოზიტიური ფსიქოლოგიის სფეროში არსებულ უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე, ახალი იდეების გენერირება სწავლის, პრაქტიკული საქმიანობისა თუ კვლევის პროცესში;
- დროისა და რესურსების ეფექტური მართვა;
- პროფესიული და აკადემიური კარიერის გაუმჯობესების მიზნით, საკუთარი უნარების თვითგანვითარება და ცოდნის გაფართოვება.
ვ) ღირებულებები
პროგრამის კურსდამთავრებულს განვითარებული აქვს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა:
- პოზიტიური ფსიქოლოგიის ფარგლებში კვლევისა და პრაქტიკისთვის რელევანტური ღირებულებების დამკვიდრების გზების კვლევა და ახლებური მეთოდების მოძიება-შემუშავება;
- პროფესიული და კვლევის ეთიკური ნორმების (კონფიდენციალობა, ანონიმურობა, ინფორმირებული თანხმობა, პლაგიატის არიდება) დაცვა;
- სხვადასხვა ადამიანის შეხედულებებისა და ღირებულებების მიმართ ტოლერანტობა;
- კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებების მიმღებლობა და პატივისცემა.
პროგრამის შედეგები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე. სადოქტორო პროგრამა „პოზიტიური ფსიქოლოგია -- ემპირიული კვლევები“ მოამზადებს პროფესიონალ მკვლევარ-პრაქტიკოსებს, რომელთაც შეეძლებათ კვლევითი, სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება აკადემიურ და სხვა სფეროებში. კურსდამთავრებულები, ასევე, შეიძლება დასაქმდნენ სახელწიფო, კვლევით და/ან არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ახორციელებენ ინდივიდის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის პროექტებს.